საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევას იწყებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს 2016 წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება.
როგორც ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე გაიარა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის გზა გასულ წელს, თითქმის 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან. აბაშიშვილის თქმით, ახლაც იგივე პროცესის გავლა მოხდება, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.
კრიტერიუმებზე საუბრისას აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი არის გამოცდილება, ცოდნა და განათლება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში.
"ასევე თავისთავად ცხადია, მთავარი მოტივაცია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლებაზე, შესაბამისად კანდიდატი ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წელს გიორგი ქადაგიძის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ სამ წევრს ეწურება უფლებამოსილება. ჯამში წლის განმავლობაში ოთხი კანდიდატი იქნება შერჩეული, თუმცა პირველ რიგში ეს სწორედ გიორგი ქადაგიძის შემცვლელს ეხება.