გაფრთხილებდით, ბიუჯეტი ფაქიზოსავით არ გაგებერათ, - აღნიშნული განცხადებით მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა მიმართა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებსა და ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ყველაფერი უკან დარჩება, თუ ხელისუფლება ეკონომიკას არ მიხედავს.
"დღეს გავრცელდა ფინანსთა სამინისტროს განცხადება სეკვეტრთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟღერს ასე: "რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, შეიცვალა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი". არ დაგავიწყდეთ, ბიუჯეტი დეკემბერში მიიღეთ. დეკემბერის თვეში რა, რუსეთი არ იყო შეჭრილი უკრაინაში? სანქციები არ ჰქონდა დაწესებული რუსეთს? ეკონომიკური ზრდა უკეთესი იყო? ჩვენ ხომ გაფრთხილებდით, რომ პრობლემები შეგექმნებოდათ და ფაქიზოსავით არ უნდა გაგებერათ ბიუჯეტი, რადგან ეკონომიკური ზრდა თქვენს პირობებში მინიმალური იქნებოდა. ისევ ჩვენს ხარჯზე, ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე 185 მილიონი ლარით იზრდება საგარეო ვალი - 3-მილიარდ 400 მილიონი იქნება თქვენს მიერ აღებული ვალი, რის ხარჯზეც გინდათ ბიუჯეტის შესრულება", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.