შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვას უმნიშვნელოვანესი მიღწევები აქვს.
მინისტრმა 2014 წელს საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკსა და USAID-ს და აღნიშნა, რომ მათი ექსპერტები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, უძილო ღამეებს ატარებდნენ, რათა ასეთ ხანმოკლე დროში განეხორციელებინათ ისეთი ამბიციური პროექტი, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოზე უფრო მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დღემდე მიუწვდომელია.
„ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ეს პროექტი მუშაობს, იყო საკმაოდ ცხარე, ინტენსიური მსჯელობები. იყო კრიტიკაც. საქმიან კრიტიკას ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებდით. იყო ტენდენციური დამოკიდებულებები. ასევე იყო სხვადასხვა მეთოდოლოგიით შესრულებული შეფასებები, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლეოდა. ცხადია, ამით არავითარ შემთხვევაში არ მინდა იმის თქმა, რომ ეს იდეალური პროექტია. ზოგადად იდეალური პროექტის მონახვა ალბათ შეუძლებელია, მით უმეტეს ჯანდაცვაში. ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის პროექტიც მუდმივ განახლებას, გაუმჯობესებას, მონიტორინგს საჭიროებს და იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები ამაშიც დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
კონფერენცია „საქართველოში ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობდა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.