"სტიქიური უბედურების დროს სამინისტრო სამოქმედო გეგმის შესაბამისად იქცეოდა"

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების გეგმა არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მთავრობაში ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს გამოიყენება და არის თუ არა მის უწყებაში მსგავსი დოკუმენტი, მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის უწყებასაც აქვს ძირითადი სამოქმედო გეგმა.

„ყველა სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის უწყებას, აქვს შვიდი ძირითადი სამოქმედო გეგმა, რომლებიც არის საიდუმლო დოკუმენტები და რომლის დანიშნულებაცაა ასეთ და სხვა მაგალითად საომარ სიტუაციებში მოქმედების გეგმა. ის გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა გაწერილი და განახლებული, განუხრელად იქნა შესრულებული ამ მძიმე დღეების განმავლობაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„წყალდიდობები და დამდგარი წყლის რისკები ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე კარგად შესწავლილი ფენომენია. არსებობს ცალსახა სამოქმედო გეგმა და ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამის შესაბამისად იქცეოდა. რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობას,  სტიქიიდან მეორე დღესვე ფსიქოლოგიური დახმარება დაზარალებულებს ეწევათ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბავშვებზე. ფსიქოლოგები ამ პროცესში უკვე ჩართულები არიან", - აღნიშნა მინისტრმა.