რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოსკოვსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ "ხელშეკრულების" რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
როგროც რუსული მედია წერს, დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რამდენიმე დღის წინ მოახდინა, ცხინვალის ე.წ პარლამენტმა კი რამდენიმე თვის წინ, რაც ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამას გარდა, ე.წ შეთანხმება საერთო თავდაცვითი სივრცის შექმნას და საბაჟო სამსახურების ინტეგრაციას გულისხმობს. ამას გარდა, "ხელშეკრულების" მიხედვით, რუსეთი ვალდებულია მესამე ქვეყნის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მასზე თავდასხმად მიიჩნიოს და მსგავს შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.
"თანამშრომლობის შესახებ" ე.წ ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა მოსკოვში 18 მარტს მოაწერეს ხელი. მსგავსი შინაარსის შეთანხმება მოსკოვმა გასული წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.