ქვეყანა, რომელიც სამყაროს უდიდეს სპორტულ დღესასწაულს ვერ ყიდის, ანუ biletebi.ge-ს კრახი

ქვეყანა, რომელიც სამყაროს უდიდეს სპორტულ დღესასწაულს ვერ ყიდის, ანუ biletebi.ge-ს კრახი

2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს დიდი ფეხბურთი ეწვევა - სუპერთასის ფინალი, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის (ბარსელონა) და ევროპა ლიგის (სევილია) გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს. ბილეთების გაყიდვა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართულ ინტერნეტ საიტს, biletebi.ge-ს დაუკვეთა და ამისთვის 45 000 ევროც გადაუხადა. (სხვათა შორის, მსგავსი კატაკლიზმები რომ იყო მოსალოდნელი, ლელა კაკულია არაერთხელ წერდა, თუმცა არავინ მივაქციეთ ყურადღება და ამიტომ დავისაჯეთ კიდეც). ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, გასაყიდი იყო 30 000 ბილეთი. 22 ივნისს საიტი გაითიშა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, გვერდმა ბევრ ვიზიტორს ვერ გაუძლო. ფეხბურთში ნაკლებად გარკვეული ადამიანიც კი დაუფიქრებლად იტყოდა, რომ 22 ივნისს დილიდანვე ათასობით ადამიანი ეწვეოდა ზემოთხსენებულ საიტს, რათა ბილეთები შეეძინა, თუმცა საიტის "ფეისბუქ" გვერდზე, საიტის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ ამდენ ვიზიტორს არ ველოდითო, გვეგონა მხოლოდ რამდენიმე ათეულით მოიმატებდა მათი რაოდენობაო. ამის ფონზე ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა - საერთოდ იცოდნენ, რის ბილეთებს ყიდდნენ? 

გუშინ, მთელი დღე ცდილობდა საიტის ხელმძღვანელობა პრობლემის აღმოფხვრას, პარალელურ რეჟიმში გულშემატკივართა მთელი არმია ამაოდ ცდილობდა საიტზე შესვლას. კომპიუტერთა უმეტესობაზე გაცვდა F5 (ღილაკი, რომელიც ანახლებს გვერდს), თუმცა, ამაოდ. დღის მეორე ნახევარში, ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხოეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს შემოსვლას და ამიტომ ჭირს საიტზე შესვლა, რის გამოც ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩახსნიან შესაბამის არხს და მხოლოდ ქართველებს ექნებათ ყიდვის საშუალებაო. როგორც ჩანს, ერთი ნორმალურად მოაზროვნე მაინც აღმოჩნდა და თქვა, მგონი ეს კიდევ უფრო სულელური გადაწყვეტილებაა და მოდი შევეშვათო და მალევე დაწერეს - უცხოეთიდანაც შეგიძლიათ ყიდვაო. როგორც biletebi-ge-სთან დაახლოებული ხალხი ამბობს, მთელი ოფისი ყაზარმულ ლოცვაზე იყო გადასული, რადგან იმდენი უარყოფითი აურა იყო მათკენ მიმართული, ხსნის სხვა გზა ფიზიკურად აღარ დარჩათო.

გუშინ, საიტზე ასეთი შინაარსის ინფორმაციაც ეწერა - ბილეთების ყიდვა მოხდება ლატარიის პრინციპით, აქტიური მომხმარებლის დაშვება მოხდება, მაშინ, როცა საიტზე მყოფი მომხმარებელი დატოვებს საიტსო. წესით და კანონით, ახლა როცა ამ ყველაფერს ვწერ, ბილეთი ჯიბეში უნდა მედოს და 11 აგვისტოს თამაშზე ვფიქრობდე, თუმცა მავანთა დაუდევრობით, ბიზნესის არცოდნით და კიდევ სხვა მრავალი დეტალის გამო, ვარ ისევ უბილეთო. ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, მეეჭვება სამი ბილეთის საყიდლად სიმწრით გადანახული ფული დიდხანს შევინახო, ამიტომ დიდი ალბათობით თამაშის ყურება ტელევიზორით მომიწევს, ჰოდა, იმ 90 წუთის მანძილზე ლატარიის პრინციპით რომ "ვიუშვერსიტყვო", ვინმე იქნება მომდავებელი?!

ის რაც გუშინ მოხდა, ყველა იმ ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს, სადაც ბიზნესის ანა-ბანას ასწავლიან. უნდა ისწავლებოდეს როგორც ნიმუში იმისა, როგორ არ უნდა აკეთო ბიზნესი.


წლები დასჭირდება Biletebi.ge-ს, რომ ეს სირცხვილი ოდნავ მაინც ჩამოიწმინდოს. ძალიან დიდხანს იქნება ეს სახელი მხოლოდ ღიმილის მომგვრელი, მაშინ, როცა შეეძლოთ ძალიან კარგი პიარის გაკეთება, თუმცა ამისთვის საჭიროს იყო ცოტა ზედმეტი ხარჯი და თადარიგი.
დაწერა კიდევ ბევრი რამის შეიძლება, თუმცა ერთი რამ ცალსახაა, "ბარსელონამ" და "სევილიამ" გაცილებით იოლად მოიპოვეს სუპერთასის საგზური, ვიდრე ქართველმა გულშემატკივარმა სუპერთასის ბილეთები.