კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

კრიზისების საბჭო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 22 ივნისის 19:00 საათიდან დღემდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 21 გამოძახება შევიდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. 

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფის მიერ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ორი ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი და შემდგომი უტილიზაციის მიზნით გადატანილია უსაფრთხო ადგილას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. ურთულეს სამუშაო პირობებში განხორციელდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გვირაბში ორი ავტომობილი აღმოაჩინეს.

როგორც საბჭოში აცხადებენ, 22 ივნისის 19:00 საათიდან ამ დრომდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 21 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არც ერთი არ დადასტურდა. 

"მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურიად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 11 თვითმცლელი, 4 ექსკავატორი, 1 დამტვირთველი, 1 დამტკეპნი მანქანა, 1 წყალმზიდი; "კომპანია ჩაუცასუს ღოად Pროჯეცტ ჯგუფის" კუთვნილი 3 ექსკავატორი, 8 თვითმცლელი; მელიორაციის სამსახურის 4 ექსკავატორი, 11 თვითმცლელი; შპს "აკორდის" 10 თვითმცლელი; "საქენერგოპროს" - 1 თვითმცლელი და შპს "მშენებელის" 1 თვითმცლელი; ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს: 1 ექსკავატორი, 7 თვითმცლელი, 1 წყალმზიდი, 1 ამწე; სვანიძის ქუჩაზე მუშაობს: 6 თვითმცლელი, 1 ექსკავატორი; წყნეთის ქუჩაზე გრძელდება 120 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა. საყრდენი კედელისთვის საჭიროა 140 ხიმინჯის აგება - ამ დროსთვის მზადაა 24 ხიმინჯი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად: 1. ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკების მინიმუმამდე დაყვანა (მოხალისეები გადანაწილებულნი არიან იმ ტერიტორიებზე, სადაც ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკები მინიმალურია). 2. ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა. "თბილწყალკანალის" და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად კონტროლდება სასმელი წყლის ხარისხი. 13 ივნისის შემდეგ სასმელი წყლის დაბინძურების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ამ დროისთვის კლინიკებს მიმართა სტიქიით დაზარალებულმა 50 პაციენტმა. მათგან 4 ჯერ კიდევ გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია კრიზისების საბჭოს განცხადებაში.