სომეხმა სამართალდამცველებმა წუხელ მიტინგის დარბევისას დაკავებული 200-მდე ადამიანი გაათავისუფლეს

სომეხმა სამართალდამცველებმა წუხელ მიტინგის დარბევისას დაკავებული 200-მდე ადამიანი გაათავისუფლეს

ერევანში წუხელ დაკავებული აქციის 200-მდე მონაწილე გაათავისუფლეს, რომლებიც პოლიციამ ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების მოთხოვნით გამართული მიტინგის დაშლის დროს დააკავა. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.

უწყების ინფორმაციის თანახმად, დაკითხვისას სამმა დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა და მიღებული აქვთ ტრავმები, რის გამოც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით, 8 სამოქალაქო პირი და 14 პოლიციელი საავადმყოფოებში რჩება.

ამ დროისთვის ერევანში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი მიმდინარეობს. მომიტინგეთა ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს, ბაგრამიანის ქუჩაზე მჯდომარე აქციას მართავს. რეზიდენციისკენ მიმავალ მომიტინგეებს პოლიციამ გზა გადაუკეტა და წესრიგის დასამყარებლად გარკვეული დრო მისცა.