დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომის გაცდენები რეგლამენტით ახლებურად დარეგულირდება

დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომის გაცდენები რეგლამენტით ახლებურად დარეგულირდება

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის პროექტი, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებს ახლებურად დაარეგულირებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალიდან "ოჯახური მდგომარეობის" ამოღება ხდება.

ამ მიმართულებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე კომიტეტმა დღეს იმსჯელა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი სწორედ "ოჯახური მდგომარეობის" გამო გაცდენილი სხდომებია. მისი თქმით, არიან დეპუტატები, რომელთაც "ოჯახური მდგომარეობის" მიზეზით 100 სხდომა აქვთ გაცდენილი, ხოლო აღნიშნული მიზეზის სიზუსტის გადამოწმება, შეუძლებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კანონში ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სხდომების გაცდენის ნორმა დაზუსტდეს, შეიზღუდოს, მაგრამ მისი სრულად გაუქმება არ მოხდეს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, თუკი დეპუტატი სხდომაზე ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების გამო ვერ მივა, ეს მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს. ითქვა ისიც, რომ რეგლამენტში საპატიო მიზეზად გათვალისწინებული უნდა იყოს შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრი სხდომას ფორსმაჟორული სიტუაციის გამო აცდენს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ახლებურად დარეგულირდება ნორმა, რომელიც არასაპატიო მიზეზით გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციების გამოყენებას ეხება.