აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ კახში მსახურების უფლება მიეცეს

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ კახში მსახურების უფლება მიეცეს

არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირს დროებით მიეცეს კახში მსახურების უფლება.

როგორც არქიმანდრიტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმისთვის, რომ კახში ღვთისმსახურება გააგრძელოს,  საქართველოს მოქალაქეობა უნდა დათმოს და აზერბაიჯანის მოქალაქე უნდა გახდეს, რაც არ სურს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანული მხარე დათანხმდება, დაახლოებით 2 თვით, იქამდე თავადვე იმსახურებს, ვიდრე მღდვლად ადგილობრივი, ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქე ეკურთხება.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობით, აზერბაიჯანს ორმაგი მოქალაქეობა არა აქვს და თუ აზერბაიჯანის მოქალაქეობას აიღებს, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.

"ის ინციდენტი, რომელიც 21 ივნისს მოხდა, როდესაც არ შემიშვეს კახში, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც გადავწყვიტე იქიდან წამოსვლა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნაა, გავხდეთ აზერბაიჯანის მოქალაქეები. დღეს შევხვდით აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დროებით, ვიდრე აზერბაიჯანის მოქალაქე ეკურთხება მღვდლად, იქამდე დაგვრთონ ნება გავაგრძელოთ მსახურება", - განაცხადა არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აზერბაიჯანის მოქალაქეობის აღებაზე ამბობს, არის უსაფრთხოება, რომელიც შესაძლოა მის შევიწროებაში გამოიხატოს. არქიმანდრიტის განცხადებით, ეს პრობლემა სავარაუდოდ ნებისმიერ სასულიერო პირს შეეხება, რომელიც კახში იმსახურებს.