IDFI ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების სტატისტიკას ავრცელებს

IDFI ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების სტატისტიკას ავრცელებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2013-2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების სტატისტიკას ავრცელებს.

IDFI –ის ინფორმაციით, 2015 წლის 24 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს 2013-2015 წლებში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში (IშAF) მონაწილეობისას დაღუპული და დაჭრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახებისათვის გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაცია.

როგორც აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წელს განიცადა, როდესაც დაიღუპა 10 და დაიჭრა 137 სამხედრო მოსამსახურე. 2014 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა საქართველოს 7 სამხედრო მოსამსახურე.

"საქართველოს თავადაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2013 წელს დაღუპული 10 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს იმავე წელს ჯამში გაეწიათ 1 075 677 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. 2013 წელს დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს 2015 წელს დამატებით გაეწია 677 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება.

იმავე წელს დაჭრილი 137 სამხედრო მოსამსახურიდან, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, ფინანსური დახმარება გაეწია 25 სამხედრო მოსამსახურეს ჯამში - 260 187 ლარი. 2013 წელს დაჭრილ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს 2015 წელს დამატებით გაეწია აგრეთვე ფინანსური დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

2014 წელს დაჭრილი 7 სამხედრო მოსამსახურიდან, ერთ-ერთ მათგანს გაეწია 2 960 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება.

ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობას იღებენ 2009 წლის ნოემბრის თვიდან. ზემოთ წარმოდგენილ მონაცემებთან ერთად, განვლილ წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული და პრესაში გავრცელებული ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობები საშუალებას გვაძლევს, წარმოგიდგინოთ სრული მონაცემები 2010 წლიდან 2015 წლის აპრილის თვემდე აღნიშნულ მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული მსხვერპლის შესახებ, რაც მოიცავს 29 დაღუპულ და 274 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს.

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების გარდა, IDFI-იმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა აგრეთვე 2014-2015 წლებში უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული და დაჭრილი ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახებისათვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინსტიტუტის აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა", -ნათქვამია IDFI –ის ინფორმაციაში.