ლევან კალანდაძე:   უმჯობესი იყო, რომ უფრო მეტად შემოგვეჭირა ქამრები

ლევან კალანდაძე: უმჯობესი იყო, რომ უფრო მეტად შემოგვეჭირა ქამრები

უმჯობესი იყო, რომ უფრო მეტად შემოგვეჭირა ქამრები და ბიუჯეტის კორექტირება, დაახლოებით, 250 მილიონი ლარის ფარგლებში მოგვეხდინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომელი თანახმადაც, 2015 წლის ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის კორექტირების მაჩვენებელი მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ უბრალოდ მეტი კორექტირება ვერ მოახერხა.

როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის კორექტირების საკითხი გარდაუვალი რეალობითაა განპირობებული, ამ კონტექსტში ექსპერტმა რეგიონში განვითარებული მოვლენები და სავაჭრო პარტნიორებთან გაუარესებული მდგომარეობა დაასახელა.

"ხელისუფლებას ჰქონდა გაცხადებული, რომ ის მეორე კვარტლის შედეგებს ელოდა და ამ შედეგებიდან გამომდინარე მოხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება. კარგი იქნებოდა, რომ წლის დასაწყისშივე პროგნოზები უფრო რეალისტური ყოფილიყო და უფრო მეტნაკლებად ადეკვატური ზრდის პროგნოზი გვქონოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები საკმაოდ მაღალი იყო, ჩავთვალოთ, რომ ეს შეცდომა არ არის", - განაცხადა კალანდაძემ.

რამდენად ადეკვატური იქნება კორექტირების ხარისხი და რამდენად მოერგება იმ რეალობას და იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე შემცირებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დგას, კალანდაძის განცხადებით, მას განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა და ბიუჯეტის კორექტირების საკითხთან დაკავშირებით მისი პროგნოზები, დაახლოებით, 200-250 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა.

"ვვარაუდობდი, რომ ბიუჯეტის კორექტირების მაჩვენებელი მინიმუმ 250 მილიონი ლარი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ არის ხელისუფლებისთვის, ალბათ, ობიექტური ერთი ფაქტორი, რომელიც განპირობებულია იმ სტიქიური მოვლენებიდან მნიშვნელოვანი ზარალის დაფიქსირების შემდეგ. ეს არის ის ხარჯები, ვგულისხმობ ზარალის ლიკვიდაციას, რომელიც, პრაქტიკულად, გარადუვალი გასასტუმრებელია და აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებს ხელისუფლება თავს ვერ აარიდებს, ამიტომაც მოხდა, რომ 140 მილიონის კორექტირების გარდა, ბიუჯეტში თავად პრიორიტეტების გადახედვის მიმართულებით კეთდება გარკვეული ცვლილებები, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის საერთო მაჩვენებელი მცირდება, გარკვეული მიმართულებით კაპიტალდაბანდებები და კაპიტალური ხარჯები შეიძლება გაიზარდოს, მხედველობში მაქვს, აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება. უმჯობესი იყო, რომ ჩვენ უფრო მეტად შემოგვეჭირა ქამრები და დაახლოებით, 250 მილიონი ლარის ფარგლებში მოგვეხდინა კორექტირება, მაგრამ მე ამ ეკონომიურ კორექტირებას ძირითადად იმას მივაწერ, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ზარალის ოდენობა დაახლოებით, 100 მილიონია და შესაბამისად, ამ ხარჯების სავალდებულო წესით გადახდა უწევს ხელისუფლებას", - განაცხადა კალანდაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სიფრთხილე ბიუჯეტის ხარჯვის პროცესთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ რთული წელია საბიუჯეტო თვალსაზრისით, მონეტარული სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

"გარკვეული რისკები დაკავშირებულია ექსპორტის, ფულადი გზავნილების შემცირებასთან, რაც კვლავ უფრო გამძაფრდება წლის მეორე ნახევარში, დაახლოებით სექტემბრიდან. ამას დაემატება, რომ სექტემბრიდან ზაფხულის სეზონი დასრულდება და სავალუტო შემოდინებების კუთხითაც გარკვეული პრობლემები იქნება, აქედან გამომდინარე, მონეტარული და ფისკალური რისკები, რომელიც თავისთავად სერიზოული პრობლემაა, როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე ლარის გავცლითი კურსისთვის, სექტემბრიდან ძალიან მოიმატებს", - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მთავარი აქცენტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით უნდა იყოს გადატანილი, კერძოდ, თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა, საინვესტიციო აქტივობის გაძლიერება და მოზომილად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება.

"ბიუჯეტი თავად არ უნდა გახდეს გარკვეული ტვირთი და დამატებითი რისკი მონეტარული სტაბილურობისთვის, ანუ დღეს ფინანსთა სამინსიტროსთვის თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა არის ნომერ პირველი გამოწვევა. მეორე მიმართულება ეს არის საინვესტიციო აქტივობის გაძლიერება, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ენერგეტიკა, მშენებლობა, კავშირგაბმულობა, რამაც დამაბალანსებელი როლი უნდა შეასრულოს უკვე სექტემბრიდან წლის ბოლომდე პერიოდში, როცა რისკები მაღალია და ასევე საჭიროა, გარკვეული სიფრთხილე თავად მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით, ანუ მოზომილად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება - სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ეს 3 მიმართულება შესაძლებელია გახდეს ამ მძიმე წელის გადაგორების საფუძველი, რადგან ჩვენ მოგვიწევს ეს წელი გადავაგოროთ და გადაგორების ეფექტურობის ხარისხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ამ სამ კომპონენტზე", - განაცხადა კალანდაძემ.