დღეს, გამთენიისას, 05:00 საათზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის ორი კონტეინერის ტრანსპორტირება განხორციელდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონტეინერები ქალაქგარეთ, შპს Novoretec Georgia-ს ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც მათი შემდგომი გაუვნებელყოფა მოხდება.
მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა.
"ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა თხევადი ქლორის ორი კონტეინერი, რომელიც წლების წინ აუზის დეზინფექციისთვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობობდა. მიუხედავად ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება, დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება", - აცხადებენ უწყებაში.