ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა

ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. "ინტერფაქსის" ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. 

სომხეთის პოლიციის უფროსის, აშოტ აგარონიანის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 237 აქტივისტი დააკავეს. როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დემონსტრაციის ადგილას მათ ცივი იარაღიც აღმოაჩინეს.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებთან რანდენიმესაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პოლიციამ ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით მომიტინგის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრას ითხოვნდნენ. 

საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა "არა ქურდობას" მართავდა. ერევნის პოლიციის წარმომადგენელმა, ვალერი ოსიპიანმა აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ ცენტრალური მოედანი. 

"მე გაძლევთ 10 წუთს ტერიტორიის დატოვებისთვის. თქვენი ქმედებები უკანონოა. სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობა გვაძლევს უფლებას, ძალა გამოვიყენოთ" , - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა. 

ერევანში 19 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქცია ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.