დონბასი უნდა დარჩეს უკრაინის ნაწილად, - ამის შესახებ უკრაინის ექსპრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა მოუწოდონ კიევს, ამბოხებულთა ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართონ.
იანუკოვიჩის განცხადებით, კიევში მის ოპონენტებს არ უნდა განეხორციელებინათ სამხედრო გადატრიალება და არ უნდა მომხდარიყო მემარცხენე-რადიკალური ძალების ფორმირება.
"მე ისინი გავაფრთხილე, რომ ისინი მაიდანზე არ შეჩერდებოდნენ რომ ისინი უფრო შორს წავიდოდნენ და ასეც მოხდა. მათ დაანაწევრეს ქვეყანა. მათ მთელი მსოფლიო ამ კონფლიქტში ჩართეს", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
უკრაინის ექსპრეზიდენტმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას "ტრაგედია" უწოდა. "რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ გვჭირდება ამ ვითარებიდან გამოსავლის გზების ძიება. ახლა ომია. ისინი საუბრობენ ყირიმის უკან დაბრუნებაზე, მაგრამ როგორ? ომით? გვინდა კიდევ ერთი ომი?" - განაცხადა უკრაინის ყოფილმა ლიდერმა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა "ბიბისისთან" ინტერვიუში მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას უკრაინის ბიუჯეტიდან თანხები არ მოუპარავს. თუმცა, აღიარა, რომ ქვეყანაში იყო კორუფცია.
ვიქტორ იანუკოვიჩი 2015 წლის იანვარში ინტერპოლმა ძებნილთა სიაში შეიყვანა. უკრაინის მთავრობა მას მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს.