უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა 2014 წლის თებერვალში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ადამიანების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აიღო. ამის შესახებ თავად იანუკოვიჩმა "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მე არ ვუარყოფ პასუხისმგებლობას", - აღნიშნა უკრაინის ექსპრეზიდენტმა. მისივე თქმით, მას ცეცხლის გახსნის ბრძანება არ გაუცია, თუმცა, აღიარა, რომ არ მიიღო საკმარისი ზომები სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. "თუმცა, უსაფრთხოების ძალებმა შეასრულეს მაშინ არსებული კანონი, მათ ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ იარაღი", - აღნიშნა იანუკოვიჩმა.
2014 წლის ზამთარში, კიევში, ცენტრალურ მოედანზე დემონსტრაციების მსვლელობისას 100-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა. ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა 2014 წლის თებერვლის ბოლოს ქვეყნიდან გაქცეულიყო და თავი რუსეთისთვის შეეფარებინა.
იანუკოვიჩის თქმით, მაშინ მისი სიცოცხლე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იხსნა, როდესაც სპეცსამსახურებს მისი რუსეთში ჩაყვანა დაავალა.
"რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ მისი, რომ გასცა ბრძანება დამხმარებოდნენ და ჩემი სიცოცხლე გადაერჩინათ", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
უკრაინის ექსპრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ერთ დღეს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.