Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება

ამ დროისთვის Biletebi.ge-ზე უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება. "ყურადღება: UEFA 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ამჟამად არ იყიდება" , - წერია Biletebi.ge-ს ვებგვერდზე, სადაც შესვლა დღესაც რთულია. 

საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, აპარატურა განახლდა და ვარაუდობენ, რომ ხარვეზები დღეს აღმოიფხვრება. 

გუშინ კი Biletebi.ge-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიყიდა მხოლოდ 30 ბილეთამდე. 

"უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი!

თუ როდის შესძლებთ დარჩენილი ბილეთების ყიდვას, ჩვენ გვერდზე დავწერთ, სისტემის გაშვებისთანავე", - ეწერა ინფორმაციაში.

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. 

11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.