"სუპერ პუმას" ტიპის ვერტმფრენები შსს-ს გადაეცემა

"სუპერ პუმას" ტიპის ფრანგული ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განუცხადა, ეს ვერტმფრენები გამოიყენება სამაშველო სამსახურისთვის, ასევე სასაზღვრო მონიტორინგის მიზნით. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ იყო გამოყენებული აღნიშნული ვერტმფრენები სტიქიის დროს, გომელაური აცხადებს, რომ "გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, ეს ვერტმფრენები უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება". 

ამჟამად აღნიშნული ვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და საქართველოს მთავრობა მათ გაყიდვას აპირებდა. 

ამასთან, ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს ისედაც ჰყავს ვერტმფრენი, თუმცა ისიც ვერ იქნებოდა გამოყენებული სტიქიის ღამეს, ამინდიდან გამომდინარე. 

"ქალაქის პირობებში ის ვერ იფრენდა, იყო ჩამოვარდნის საფრთხე და ვერ გავრისკავდით ამ ბიჭების სიცოცხლეს და მას ვერ გამოვიყენებდით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.