ქართველი ბიზნესმენები იზიარებენ ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილისინიციატივას, არ გამოიყენებოდეს წინასწარი პატიმრობა "თეთრი საყელოს" ტიპისდანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
"თეთრი საყელოს" ტიპის დანაშაული არის სამოხელეო, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს.
როგორ აისახება ბიზნესზე ექსპერემიერის ეს ინიციატივა?
სს "საქკაბელის" ხელმძღვანელს ედიშერ მამალაძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის დამკვიდრება ბიზნესს იმაზე აქტიურს გახდის, ვიდრე დღეს არის, რადგან„თეთრი საყელოს" ტიპის დანაშაულის ჩადენისას, დამნაშავებისთვის წინასწარი პატიმრობა ბიზნესისთვის ერთგვარი შეფერხებაა.
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში ბიზნესი მარწუხებისგან გათავისუფლდება.
"დღეს არსებული კანონმდებლობა წინასწარი პატიმრობის ორმაგი ფორმით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. თუ ეს ნორმა შეიცვლება და სამოხელეო დანაშაულებების დროს პატიმრობა არ იქნება განსაზღვრული, მხოლოდ დადებითია, რადგან ამ ნორმის ამოქმედებით ბიზნესმენები საქმიანობაში თავისუფლები იქნებიან. ასევე კარგი იქნება, თუ დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოხდება"-აცხადებს ჩოჩელი.
ექსპრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს ასევე, საინვესტიციო კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA -ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძეც."ასეთი გადაწყვეტილება ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს. "ინვესტიციების განხორციელებაც ბევრად უფრო აქტიური იქნება", - აცხადებს სვანიძე.
"თეთრი საყელოს" ტიპის დანაშაულზე ბრალდებული პირებისთვის ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ჯერ კიდევ 2013 წელს იგეგმებოდა. მაშინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ თავდაპირველად ეს საპილოტე პროგრამა იქნებოდა.