ევროპარლამენტი ევროკავშირის სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა ევროპა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით , კოდექსში ცვლილებების პროექტი ევროპარლამენტს ევროდეპუტატმა სლოვენიიდან ტანია ფაიონმა წარუდგინა.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოა, რომ კოდექსში ცვლილებები აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს.
"არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი მოგზაურთათვის, ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის. ევროპა დღეისთვის რჩება ნომერ პირველ მიმართულებად ტურიზმისთვის, მაგრამ საბაზრო წილი მკვეთრად დაეცა. ამიტომაც გვჭირდება ვიზების გაცემის გამარტივება", - განაცხადა ტანია ფაიონმა.
თავის მხრივ კოალიცია "უვიზო ევროპის" წარმომადგენელმა კშიშტოფ მროჟეკმა სამ ძირითად პრობლემაზე მიანიშნა, რომელიც შენგენის ვიზების გაცემას ახლავს თან. "პირველი - ეს არის მრავალჯერადი ვიზის ძალიან მოკლე ვადა, დანარჩენი ორი პრობლემა ეს არის რიგები საელჩოებში და სავიზო ცენტრები, ასევე დოკუმენტების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებსაც საკონსულოები ვიზის გასაფორმებლად იყენებენ", - განაცხადა მან.
ფაიონის პროექტი ევროპარლამენტს ივლისის დასაწყისში წარედგინება, რის შემდეგაც დეპუტატები დაიწყებენ განხილვას, თუ როგორი უნდა იყოს ახალი კოდექსი.