პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ფრანგულ ვერტმფრენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"როდესაც საქმე სამხედრო შეიარაღებას ეხება, მათ შორის ავიაციას, ჯავშანტექნიკას, თავისთავად ცხადია, აქ პირველ რიგში სპეციალისტებს, სამხედროებს უნდა მოვუსმინოთ. მათ უნდა გვირჩიონ და შემდეგ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე საქმე გვაქვს მსჯელობასთან. ძირითადად ეს მსჯელობა სამხედრო სპეციალისტებს შორის იმართება. მას შემდეგ, რაც პირველადი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თავისთავად ცხადია, ამას პოლიტიკურ დონეზე განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ფრანგული "სუპერ პუმას" ვერტმფრენები შესაძლოა გადაკეთდეს და აღარ გაიყიდოს. მისი თქმით, აღნიშნული ვერტმფრენების სამხედრო ან სამაშველო სახით გადაკეთებაზეა საუბარი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.