ავღანეთის პარლამენტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. "ბიბისის" ცნობით, ქაბულში საკანონმდებლო ორგანოს ექვსი შეიარაღებული მებრძოლი დღეს დილით დაესხა თავს.
ექვსივე მათგანი პოლიციამ მოკლა. მანამდე კი თავდამსხმელებმა პარლამენტის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
მომხდარის შედეგად პარლამენტში მყოფი 18 ადამიანი დაშავდა, თუმცა, არც ერთი მათგანი დეპუტატი არაა. პოლიციამ შენობის ევაკუაცია მალევე განახორციელა. საკანონმდებლო ორგანოში სესია მიმდინარეობდა, როდესაც აფეთქების და რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
მოძრაობა "თალიბანის" განცხადებით, მათ თავდასხმა თავდაცვის მინისტრის ახალი კანდიდატურის დამტკიცებისთვის ხელის შეშლის მიზნით განახორციელეს.