ფრანგული "სუპერ პუმას" ვერტმფრენები შესაძლოა გადაკეთდეს და აღარ გაიყიდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვერტმფრენების სამხედრო ან სამაშველო სახით გადაკეთებაზეა საუბარი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"ეს ვერტმფრენები არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. საუბარია რომ გადაკეთდეს, რადგან არსებული სახით გამოსადეგია იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ბედნიერ ქვეყანაში და ხელისუფლების წარმომადგენლები სუპერკომფორტული, ლუქს ტიპის ვერტმფრენით იფრენენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა. შესაძლოა, გადაკეთდეს და სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია, ან ინტენსიურ რეჟიმში უნდა ვეცადოთ გაყიდვას, თუმცა არა მგონია იმ ფასად გაიყიდოს, რა ფასადაც ვიყიდეთ, რადგან ძალიან ძვირად ღირებულია, ან უნდა დავითვალოთ რა დაჯდება მათი გადაკეთება", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, გუშინ "ფეისბუქში" გამოქვეყნდა ვერტმფრენის ფოტო, თუმცა ეს ფოტო ამ ორი ვერტმფრენიდან არც ერთის არ არის.