მაღალმთიანი რეგიონების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების წინადადებას უმრავლესობა ტაშით შეხვდა

მაღალმთიანი რეგიონების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების წინადადებას უმრავლესობა ტაშით შეხვდა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქცია "ტაშის გრიალით შეხვდა", - ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს იხილავენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ასეთი პოსტის შემოღებას არ ითვალისწინებს. ჟორჟოლიანმა საკომიტეტო განხილვისას დასვა საკითხი, "მოიძებნოს ფორმულირება, რომ მთავრობა ამის განხორციელებას უზრუნველყოფს". მისივე თქმით, "უმრავლესობის განწყობაა, რომ მთავრობის შესახებ კანონში ასეთი ინიციატივა აუცილებლად იქნება შეტანილი".

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღების აუცილებლობაზე საუბრისას, ჟორჟოლიანმა საარჩევნო ოლქების შეცვლასთან დაკავშირებულ თემაზე გაამახვილა ყურადღება.

"მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინიციატივა იყო, რომელსაც აბსოლუტური უმრავლესობა სრულად, ყველა ფრაქცია შეუერთდა და ტაშის გრიალით შეეგება, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის და მისი აპარატის შექმნის წინადადებას. ეს არ იყო ისე, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უთხრა... ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება მათ შორის საარჩევნო ოლქების ცვლილებებს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთკავშირს ასუსტებს. ყველას კარგად მოეხსენება მუნიციპალიტეტის რესურსები და კომპეტენცია შეზღუდულია და სწორედ ამიტომ ვიღებთ კანონს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების როლი მაღალმთიან რეგიონებში პროექტებისა და პროგრამის განხორციელებაში გამოკვეთილია", - განაცხადა ჟორჟოლიანმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე

თავის მხრივ, საკითხის წარმდგენმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღება არც აღნიშნული კანონის და არც "მთავრობის სტუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ" კანონის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება. შერგელაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობის შემოღება ადრე - პრეზიდენტის ბრძანებულებით, ხოლო ახლა მთავრობის დადგენილებით ხდება.

"ამ საკითხზე მთავრობას თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ გამოუხატავს", - აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა გია ჟორჟოლიანის პასუხად.