პატრიარქი ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პატრიარქი ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი სვეტიცხოვლობას ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას გააჟღერა, სადაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა.

"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე _ უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს - "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული... ქართველობა არ დაკარგონ? თუ ქართული სული დაიკარგა იმათში, ეს ადამიანები დაკარგულია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს? ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყონ ქართული ენა? ქართველი ადამიანი გვგონია ისეთი ძლიერი გენისა, რომ ის არ დაიკარგება, მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სიტყვა კათოლიკოსი ნიშნავს საყოველთაოს და შესაბამისად, ეს წოდება პატრიარქს ავალდებულებს, რომ იფიქროს და იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის. ამასთან, ილია მეორის ცნობით, მარტო რუსეთში სავარაუდოდ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

"ამიტომ მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევადგინოთ სია თქვენი ნათესავების, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.