ახალ გზას თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ აღვადგენთ, სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ

ახალ გზას თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ აღვადგენთ, სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ

თუ ვაკე-საბურთალოს ახალ გზას სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ აღვადგენთ, მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს ანგარიში ჩააბარა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტადიაზეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მისივე განმარტებით, აუცილებელია მოკლევადიანი პერიოდის გეგმის ფარგლებში გზის გამაგრებითი სამუშაოები მალე განხორციელდეს.

"დღეს შევხვდით ექსპერტთა ჯგუფს და გავიარეთ სამი მთავარი მიმართულება. მათ შორის პირველია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხი. ტრანსპორტის სამსახურმა ცალსახად თქვა, რომ თუ ამ გზას არ აღვადგენთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე ქალაქი დაიტვირთება, მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს და ვაკიდან საბურთალოსკენ, ან პირიქით გადაადგილებას მინიმუმ ერთი საათი დასჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოკლევადიანი პერიოდის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში კი უნდა განვახორციელოთ გზის გამაგრებითი სამუშაოები. ასევე გზის ერთ მონაკვეთზე, რომელიც ჩაწყვეტილია გაკეთდეს გაბიონები, რათა მოკლევადიან პერიოდში ამ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, თბილისის მერის განმარტებით, მის ფარგლებში გათვალისწინებულია ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, ასევე ჩამონატანი მასალის თავიდან აცილების სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტილება და ასევე ის, რომ წყლის გატარების გვირაბული სისტემა შეიცვალოს ისეთი სისტემით, რომელიც წყალს უფრო თავისუფალი დინების საშუალებას მისცემს.