სტიქიის ზონიდან საერთო ჯამში 110 ოჯახის გაყვანა მოხდა, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ოჯახების უმეტესობა არის იმ კატეგორიაში, რომელთა დაბრუნებაც დროთა განმავლობაში შესაძლებელია. "ანუ ამ შემთხვევაში საჭიროა მცირე კოსმეტიკური შეკეთება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, მეორე კატეგორია წარმოადგენს ოჯახებს, რომელთა სახლებიც წყალმა მთლიანად წაიღო. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, მისი განმარტებით, აღნიშნულში შედის სახლები, რომლებიც დაზიანებულია და ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე უვარგისია საცხოვრებლად.
"შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიის ოჯახები საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან, თუმცა ასეთი ოჯახების რაოდენობა არის ათამდე. აღნიშნული კატეგორიის ოჯახები აუცილებლად განსახლების გეგმის ქვეშ უნდა მოექცეს, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.