თბილისში, გმირთა მოედანსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ განუცხადა, დღეს საღამოს შესაძლებელია, რომ მოძრაობა აღდგეს გმირთა მოედანზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირიდან პანდუსის მიმართულებით მონაკვეთზე, ასევე კოსტავას გამზირზე ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიასთან.
გმირთა მოედანზე ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები. სამუშაოებში ასევე მონაწილეობას იღებენ შეიარაღებული ძალები.
გმირთა მოედანზე შექმნილი არის ცენტრალური შტაბი, სადაც მინისტრები და დედაქალაქის მთავრობის წევრები კოორდინაციისათვის იკრიბებიან. გმირთა მოედანზე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ასევე კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეების ნაწილი, თუმცა მათი ნაწილი კოსტავაზე ჯებირებს მიღმა იკრიბება. შს სამინისტროს წარმომადგენლები მათ ორგანიზებულად შეუშვებენ.