საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიტვის პრეზიდენტის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის ქართული დიასპორის სამძიმრის წერილებს აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ქართველ ხალხს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტი სტიქიას twitter-ზე გამოეხმაურა. "ჩვენი ფიქრები ქართველ ხალხთან არის, ვუსურვებ ქართველ ხალხს გამძლეობას და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას", - წერს ლიტვის პრეზიდენტი.
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანიუსი. "ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას სტიქიის შედეგებისა და გარდაცვლილთა გამო", - აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ წერილში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის ქართული დიასპორა სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება. "14 ივნისს, ქ. სტამბოლში გაიმართა სტამბოლის ეთნიკურად ქართული წარმოშობის დიასპორის წარმომადგენლების (ქ. სტამბოლის ქართული კულტირის ცენტრი, ქ. სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, ქ. სტამბოლის ქართული კულტურის სახლი და სხვები.) შეხვედრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესაბამისად დახმარება გაუწიონ თბილისში სტიქიით დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, ანკარაში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა ინეგოლის, საქარიას, ანკარის და სხვა ქალაქების ეთნიკურად ქართული წარმოშობის კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები, რომლებმაც გამოხატეს სრული მზადყოფნა და სურვილი დაეხმარონ დაზარალებულებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.