იტალიის სანაპირო დაცვამ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გერმანული, შვედური, ესპანური და ბრიტანული გემების დახმარებით, ლიბიის სანაპიროდან 80 კილომეტრში 6 000-მდე მიგრანტი გადაარჩინა.
"დოიჩე ველეს" ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში 30 ოპერაცია ჩატარდა. სანაპირო დაცვამ დახმარების თხოვნის შეტყობინება სატელიტური ტელეფონებით მიიღო.
როგორც გაეროს უმაღლესი კომისარი ლტოლვილთა საკითხებში ფედერიკო ფოსი აცხადებს, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 10 ზარი მიიღეს. გადარჩენილი მიგრანტები იტალიის პორტებში გადაიყვანეს.
აღნიშნულს იტალიის მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იტალიამ უნდა შეწყვიტოს თავშესაფრის მაძიებლების მიღება.
გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისის შემდეგ იტალიაში 46 500 მიგრანტი ჩავიდა, რაც 12 პროცენტით მეტია 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
აფრიკელი მიგრანტები ნავებით ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ევროპამდე ჩაღწევას.