ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ავლენენ საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პირადად არ შეუძლია თქვას, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო, რადგან ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხი.
"საქართველო ამჟამად ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც მიმდინარეობს საუბრები და დებატები საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. მიმდინარეობს ამ თემების განხილვა პოლიტიკური ძალების მიერ, რაც იმისკენ არის მიმართული, რომ გამოსწორებული იყოს საარჩევნო სისტემაში არსებული დისბალანსი. ასევე, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში დგას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო. ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ავლენენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისკუსიებში პარლამენტის წევრებიც არიან ჩართული და მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას გულისხმობს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.