უკრაინაში კორუფციის დონე გაიზარდა

უკრაინაში კორუფციის დონე გაიზარდა

უკრაინის ბიზნესში კორუფციასთან დაკავშირებით განწყობები გაუარესდა. ამას ადასტურებს საერთაშორისო აუდიტორული და კონსალტინგური კომპანია EY–ის კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც მსხვილი კომპანიების 100 თანამშრომელი გამოიკითხა, გასულ წელთან შედარებით 60–დან 80%–მდე გაიზარდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებმაც დადებითი პასუხი გასცეს შეკითხვას – „მიგაჩნიათ თუ არა, რომ მექრთამეობა და კორუფცია ფართოდაა გავრცელებული თქვენს ქვეყანაში?“

უკრაინაში EY–ის მმართველი პარტნიორის ალექსეი კრედისოვის განცხადებით, ასეთი პასუხი შესაძლოა განხილულ იქნას როგორც „ყვითელი ბარათი“ იმ რეფორმების ეფექტურობისა და სისწრაფისთვის, რომლებიც ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლისკენაა მიმართული.

„საქმიანი გარემოს შეფასების გაუარესება სახეზეა. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც  ეკონომიკური მაჩვენებლების შესუსტებით მაკრო და მიკროდონეზე, ასევე ბიზნესსა და სახელმწიფო დონეზე ანტიკორუფციული პრაქტიკის განვითარების არასათანადო ტემპებით,“ – აღნიშნა მან.

იგივე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20%  ამბობს, რომ ფინანსური შედეგების განზრახ დამახინჯება გამართლებულია, თუკი ეს აუცილებელია ბიზნესის გადარჩენისთვის. 

 სხვა ქვეყნებში ასეთ მიდგომებს გამართლებულად მიიჩნევს რესპონდენტთა მხოლოდ 4%. 

EY-ს გამოკითხვა ადასტურებს, რომ ბიზნესმენები ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ხორვატიას მიიჩნევენ, სადაც კორუფციის გავრცელებაზე ადგილობრივი რესპონდენტების 92%–ზე მეტი საუბრობს. 

მიმდინარე წლის 29 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის პრინციპების რეალიზაციის პროგრამა, რომელიც 2015–2017 წლებზეა გათვლილი.