"ქართულმა ოცნებამ", როგორც მათი წესია, ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებითაც მოატყუა და პირადი ინტერესი უფრო მაღლა დააყენა, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მმართველი კოალიციის გუშინდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმრავლესობას უნდა ესმოდეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით მან საკონსტიტუციო შეთანხმებისკენ გზა მოიჭრა.
"ქართულ ოცნებას" არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რაღა საარჩევნო რეფორმის დაპირებას შეასრულებდა? არსებობს "რესპუბლიკელების", "კონსერვატორების", კოალიციაში მყოფი სხვა პარტიების მიერ 2010 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, როცა ისინი "ახალ მემარჯვენეებთან" და სხვებთან ერთად არსებული საარჩევნო სისტემის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით შეცვლას ითხოვდნენ. მათ ხელისუფლებაში არც ერთი დაპირება არ შეუსრულებიათ და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არც ამ დაპირებს შეასრულებდნენ – დაპირებების შესრულება მათი სტილი სულაც არ არის. ისინი გპირდებიან და მერე გიხსნიან, რატომ არ ასრულებენ", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან გაფორმებულ შეთანხმებას შეუერთდა, რომლის მიხედვითაც, მომავალი არჩევნებისთვის 75 მანდატი - პროპორციული წესით, ხოლო 75 რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილდეს. მაჭავარიანის აზრით, პოლიტიკური კონსენსუსისთვის ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულება და არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამას ყველა პოლიტიკური მოთამაშე ითხოვს.
"აბსოლუტურად არაადეკვატურია ის მოთხოვნები, რასაც მაჟორიტარები ამომრჩევლებს ჰპირდებიან. ჩვენი ბრალიც არის ის, რომ მაჟორიტარები იყვნენ შემოსავლიანი, ფულიანი ხალხი, რომლებსაც რაღაც პროექტებს აკეთებინებდნენ, უფრო ხელგაშლილად ეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. ეს ხომ არ არის მაჟორიტარის მოვალეობა? მაჟორიტარს სთხოვენ პასუხს იმაზე, რაც მაჟორიტარის მოსაგვარებელი საქმე არ არის", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
კითხვაზე, რატომ არ შეცვალა მაჟორიტარული სისტემა თავის დროზე თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაჭავარიანმა განმარტა, რომ "მაჟორიტარული სისტემის შეცვლა "ნაციონალური მოძრაობის" დაპირება არ იყო, განსხვავებით "რესპუბლიკელებისგან" და კონსერვატორებისგან".
"ქართულ ოცნებაში" გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარწონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება – კერძოდ, გაერთიანდება პატარა საარჩევნო ოლქები, ხოლო დიდი ოლქები გაიყოფა. გარდა ამისა, მიღებულია მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება.
ამასთან, როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, პროპორციული საარჩევნო სისტემით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.