მცირე საარჩევნო ოლქების გაერთიანებას პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლობა ეწირება

მცირე საარჩევნო ოლქების გაერთიანებას პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლობა ეწირება

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მცირე საარჩევნო ოლქების გაერთიანებისა და ამ გზით ამომრჩეველთა გამოთანაბრების გადაწყვეტილებას, პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლობა ეწირება.

როგორც"ინტერპრესნიუსს" ქუცნაშვილმა განუცხადა, მთის მაჟორიტარი დეპუტატებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია "მთიანი რეგიონების შესახებ" კანონის მიღება და იქაური მოსახლეობისათვის საგადასახადო და სოციალური შეღავათების დაწესება, ხოლო საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მთა წარმომადგენლობის გარეშე უნდა დარჩეს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწირებიან მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები როგორც მცხეთა-მთიანეთში, ასევე რაჭა ლეჩხუმში, აჭარის მთიანეთში, ჯავახეთის მთიანეთში. ამ პრინციპით დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი ერთიანდება. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ შემდეგს: საქართველოში სულ 3 500 სოფელია და აქედან 370 ამ სამ რაიონშია, ანუ საქართველოს დასახლებული პუნქტების 11% ამ ერთ ოლქში იქნება და ეს ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი იქნება საქართველოში", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ქუცნაშვილი მმართველი გუნდის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს და ამასთან დაკავშირებით განსხავევებულ მოსაზრებას აფიქსირებს. ქუცნაშვილი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემა მისთვის მისაღებია, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმება - მიუღებელი.

"ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს მიზანს და ეს მიზანი უნდა იყოს ჩამოყალიბებული – რატომ ატარებ პროპორციულ არჩევნებს, რატომ ატარებ მაჟორიტარულ არჩევნებს, ან რატომ აუქმებ მაჟორიტარულ არჩევნებს. პროპორციული არჩევნების მიზანია პოლიტიკური გაერთიანებებისათვის საშუალების მიცემა, მათ მიერ შერჩეული ხალხი, პროგრამისათვის მხარდაჭერის შემთხვევაში, გახდნენ ამომრჩეველთა წარმომადგენლები პარლამენტში. პარტიულ სიას პარტიის თავმჯდომარეები წერენ, მას ამომრჩეველს სთავაზობენ და თუ ამომრჩეველი პარტიას უჭერს მხარს, პარტიის შესაბამისი წარმომადგენლები მიღებული ხმების პროპორციულად პარლამენტში ხვდებიან. მაჟორიტარული არჩევნების მიზანი გამოიხატება სწორედ იმაში, რომ პარლამენტი კონსტიტუციური ძალით წარმოადგენს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. პარტიების თავმჯდომარეების ინტერესი გასაგებია – მათ უნდათ მონოპოლიური უფლება მოიპოვონ პოლიტიკაზე. თუ პარტიის თავმჯდომარესთან არ მეგობრობ, არ ჩაგწერს სიაში. ამიტომ თუკი ადამიანს სურს, ვაკელების ან საბურთალოელების მხარდაჭერით პარლამენტში მოსვლა, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას ორი შესაძლებლობა – გინდა პარტიის მეშვეობით, არაპირდაპირი გზით მოხვდეს პარლამენტში, ან პირდაპირ მაჟორიტარული არჩევნების გზით გახდეს პარლამენტის წევრი, რატომ უნდა გავხადოთ იძულებული მიეკედლოს პარტიას, რომლის იდეოლოგიაც შეიძლება არ მოსწონდეს", - აცხადებს ქუცნაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარწონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება – კერძოდ, გაერთიანდება პატარა საარჩევნო ოლქები, ხოლო დიდი ოლქები გაიყოფა. გარდა ამისა, მიღებულია მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება.

როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, პროპორციული საარჩევნო სისტემით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.