"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, საარჩევნო რეფორმა 2020 წლიდან გატარდეს, სამარცხვინოა

კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, საარჩევნო რეფორმა 2020 წლიდან გატარდეს, სამარცხვინოა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

გოგუაძის თქმით, ის ყველაზე მეტად პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის "კომფორმისტული პოზიციის" გამოა შეწუხებული, რადგან საკუთარი ხელმოწერით საარჩევნო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებას შეუერთდა. ამ შეთანხმების მიხედვით კი,

მომავალ არჩევნებში 75 მანდატი - პროპორციული წესით, ხოლო 75 რეგიონულ-პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილებულიყო.

"მთელი სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია იმაზე, რომ მაჟორიტარული არჩევნების არსებული მოდელი უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს. ხელისუფლება სულ უფრო შორდება საზოგადოებას და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს. იმის შემოთავაზება დემოკრატიის ზეიმად, რომ საარჩევნო რეფორმა 2020 წლიდან გატარდება და ახლა მხოლოდ ოლქები გამოთანაბრდება, არის სახის შენარჩუნების სრულიად უსუსური მცდელობა. ჩვენ თავის დროზე იმისთვის ვიბრძოდით, რომ როცა ხელისუფლებაში მოვიდოდით სამართლიანი საარჩევნო სისტემა დაგვემკვიდრებინა და მომდევნო არჩევნები ასეთი სისტემით ჩაგვეტარებინა. რეფორმა იმის გამო არ ტარდება, რომ მაჟორიტარები ყოველთვის ხელისუფლების ყულაბა და ხმები იყვნენ და ვერც "ოცნების" ხელისუფლება ამბობს უარს ამ ყულაბაზე" , – აცხადებს ნინო გოგუაძე.

"ქართულ ოცნებაში" გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა მოხდება მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება, ხოლო მაჟორიტართა არჩევის ბარიერი 50%-მდე გაიზრდება.

ამასთან, როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, პროპორციული საარჩევნო სისტემით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.