კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია

კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისში გამართული პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ვოლსკის განმარტებით, შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ კობა არაბულის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ იყო.

"განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ინტერვიუ, რომელიც კობა არაბულმა მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას". დეტალურად გავიარეთ საკითხი, უამრავი თემაა ისეთი, რომელზეც ვფიქრობ არაბულმა გადააჭარბა მონაცემებს და არსებულ სიტუაციას, თუმცა, როგორც მან განმარტა, ბევრ საკითხზე მისი გამონათქვამების ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. ასევე, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რომელსაც ის არასწორად მიიჩნევს. მან გააკეთა ჯანსაღი შეფასებები. მისასალმებელია, რომ ამ საკითხებზე მას მოუხდა ბოდიშის მოხდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც გუბერნიას, ისე მაჟორიტარ დეპუტატებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.