პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას

პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსის, ბესიკ ცხადაძის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.

როგორც შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, კონკრეტულ მიზეზებსა და მოტივებზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება.

"ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე გამოძიება დაიწყო თვითმკველობამდე მიყვანის ფაქტზე, შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკველობას. მიზეზებზე, მოტივებზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება", - განაცხადა შოთაძემ.

თბილისის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ცხადაძე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გუშინ გარდაიცვალა. ბესიკ ცხადაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა განუცხადეს, ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით ჭრილობა გუშინ საკუთარ სახლში მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის ახლობლების ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა.

ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.