ახალი საარჩევნო მოდელი ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა

ახალი საარჩევნო მოდელი ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა

ეს ვერსია და ეს მოდელი ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ სხდომას უმრავლესობის თხოვნით ესწრებოდა.

"ჩვენ გვინდოდა კარგად გაგვეაზრებინა ის, რაზეც ამ თემასთან დაკავშირებით, კოალიციური შეთანხმების დადების დროს, წინასაარჩევნო კამპანიისას თუ შემდგომ პერიოდში ვსაუბრობდით. ეს არ არის ახალი თემა, რომელიც ციდან ჩამოვარდა, მასზე მსჯელობა წლების განმავლობაში გვქონდა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას. რაც შეეხება მის პოზიციას მან ამის შესახებ გუშინ თავად ისაუბრა, ეს მოდელი და ეს ვერსია ჩვენი საერთო პოზიციაა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

მოქმედი კანონმდებლობით მაჟორიტარულ არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.