2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცვლილება 20-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქს შეეხება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცვლილება 20-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქს შეეხება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცვლილება 20-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქს შეეხება, მათ შორის თბილისში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 10-დან 13-14-მდე გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

"ასევე, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თითო მანდატის ნაცვლად იქნება 2 მანდატი, გორი და მისი რაიონი, ზუგდიდი და მისი რაიონი გაიყოფა ქალაქად და მაჟორიტარად, ჩვენ მივიღებთ იმ ტიპის კარგ საარჩევნო სისტემას ამ ერთი უახლოესი არჩევნებისთვის, როგორც აირჩა 1990 წელს უზენაესი საბჭო", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება საარჩევნო სისტემის ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რის შედეგადაც 2016 წლის შემდგომი არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით კი, ის დიდი დისბალანსი, რომელიც არსებობს მაჟორიტარულ ოლქებს შორის, აღარ იქნება. "73-დან დაახლოებით 25 ოლქს გარკვეული ცვლილება შეეხება, თუ დღეს ჩვენ გვაქვს 30-ჯერადი დისბალანსი, ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა ოლქს შორის, ეს ბალანსი ბევრით შემცირდება, შეიძლება 5-ჯერ, შეიძლება 6-ჯერ ან უფრო მეტად. ჩვენ, ვინაიდან 2016 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გვაქვს განზრახული, მივდივართ იმ გზით, რომ ამ ერთი არჩევნებისთვის ნამეტანი არ ავრიოთ ის დამკვიდრებული საარჩევნო ტრადიციები, ოლქების მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაზე დიდი ოლქები გავყოთ, ხოლო ყველაზე პატარა ოლქებს მოვუხერხოთ რაღაც სხვა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მნიშვნელოვნად უფრო სამართლიანად. ოლქს მოუწევს გაყოფა, ზოგს შემცირება, ზოგს გაერთიანება", - განაცხადა უსუფაშვილმა.