2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

როგორც უსუფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს უმრავლესობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შეჯერდა. "შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წლის არჩევნებისთვის კი მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია ისე, რომ დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, უსუფაშვილის თქმით, კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები სასურველი არ არის.

"ზოგადად საარჩევნო სისტემის რეფორმები სწორედ ასე უნდა ხორციელდებოდეს. კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები არ არის სასურველი. ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, ყველა მოვემზადოთ. ასეთი რეფორმები საჭიროებს გააზრებას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაამკვიდრებს პროპორციულ არჩევნებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის და ასევე პარალელურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არსებული პრობლემები დიდწილად მოგვარდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც დაინტერესებულია არჩევნებით, რომ ამ გეგმას მხარი დაუჭირონ. "ყველას მოვუწოდებთ, გადმოდგას საპასუხო ნაბიჯი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ყველას ვთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ გეგმას, ამ კონკრეტულ სქემას, დაუჭირონ მხარი და დავამკვიდროთ ის, რაზეც პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია თანხმდება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.