მთავრობა საპარლამენტო არჩევნების სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას უახლოეს დღეებში წარადგენს

მთავრობა საპარლამენტო არჩევნების სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას უახლოეს დღეებში წარადგენს

საპარლამენტო არჩევნების სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გეგმა შინაარსობრივად და განხორციელების სქემითაც დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, უპასუხებს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და სამოქალაქო სექტორში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, გაითვალისწინებს მოსახლეობის დღევანდელ განწყობებს და საზოგადოებრივი პროცესების დინამიკას.

"ჩვენი ამოცანაა საარჩევნო სისტემის რეფორმით ხელი შევუწყოთ მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას, მოსახლეობის განწყობების ყველაზე უფრო ადეკვატურ ასახვას საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური კონკურენციის სამართლიანი და სტაბილური წესების დამკვიდრება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების ამჟამად არსებული საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად გააუმჯობესებდა მას.

"სწორედ ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც საარჩევნო კოდექსის იმ დებულებასთან დაკავშირებით, რითაც ისარგებლეს წინა ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას", - აღნიშნა პრემიერმა.