"ქართული ოცნების" წევრებს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხსდომაზე დასწრების შესახებ კი ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყება.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო საკითხია. სხდომის დაწყებამდე ფრაქციის წევრებმა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებზე ისაუბრეს. ეკა ბესელიას განცხადებით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის მომხრეა.

"მგონია, რომ ყველაზე დემოკრატიული მიდგომაა როდესაც ხალხს ვეკითხებით როგორი სისტემა მოსწონთ და მითუფრო თუ ეს ცვლილება ეხება კონსტიტუციაში ცვლილებას. რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული ფორმაა, რომელიც პარტიებს არ მისცემს საშუალებას საკუთარ ინტერესებზე მოირგოს ცვლილებები და გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. ცვლილება აუცილებლად განხორციელდება, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და საკონსტიტუციო სასამართლომაც დააჩქარა ეს პროცესი", - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის თქმით, მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს და ის მომხრეა ორპალატიანი პარლამენტის.

"არ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, თავად საკონსტიტუციო სასამართლოსაც არ მიუღია ცალსახა გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გაუქმდეს. მე მომხრე ვარ ორპალატიანი პარლამენტის, ზედა პალატის არჩევა უნდა მოხდეს მაჟორიტარული წესით, ხოლო ქვედა პალატის - პროპორციულით", - განაცხადა მეჭიაურმა.

ფრაქციის წევრის ზაქრია ქუცნაშვილის თქმით, შერეული სისტემა უნდა დარჩეს.

"ხალხის პირდაპირი წარმომადგენლების სისტემის გაუქმება უფრო მეტ გაუცხოებას გამოიწვევს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, კი არასწორია როდესაც მისი თანაგუნდელები ერთიანი პოზიციის შეთანხმებამდე საუბრობენ თავიანთ ვარიანტებზე.

"ძალიან არასწორია, როდესაც რომელიმე ფრაქციის ან უმრავლესობის რომელიმე წევრი გამოდის და თავის ვარიანტზე საუბრობს იქამდე, ვიდრე შევთანხმდებით. მე შეიძლება ბევრი ვარიანტი მქონდეს თავში, მკაცრად ვიყო რომელიმე ვარიანტზე ჩამოყალიბებული, მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას გამოვიდე და იქამდე ვილაპარაკო ამაზე, სანამ გუნდში არ ვართ შეთანხმებული ერთიან პოზიციაზე. ყველას ვთხოვ, ჩემს კოლეგებს, რომ ყველა ვარიანტი შევათანხმოთ და ერთიანი პოზიციით დავფიქსირდეთ", - განაცხადა საგანელიძემ.