პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე დავით ჯუღელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, გაასაჩივრებს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ დაუშვეს ბრალდების მტკიცებულებები, პროკურატურას საკმაოდ მრავლად აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დანაშაულს ამტკიცებს. პროკურორის თქმით, მათ გასაჩივრების 5-დღიანი ვადა აქვთ და ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"ამ საქმეში არის ბევრი მტკიცებულება და ამ დასკვნის დაუშვებლად ცნობის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას კიდევ რჩება საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

მისი შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაუგებარია.

"გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებად ცნონ დაცვის მხარის მტკიცებულები, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კანონის მოთხოვნების დარღვევით იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტის ხელმოწერა საერთოდ არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაუმოწმებელი დოკუმენტი დაუშვა საქმეში. ბრალდების მხარე არ დააყოვნებს და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს", - განაცხადა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდება.