ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო

ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროებს შორის უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე უზრუნველყოფს ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რესიდონში" განაცხადა, სადაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

პრემიერმა პერსპექტიულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ბევრი პერსპექტიული პროექტი საქართველოს ეკონომიკის ყველა წამყვან სექტორში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების გადამუშავება, სასტუმროების ბიზნესი და უძრავი ქონება, წარმოება და ლოგისტიკა. ყოველივე ეს მომდევნო წლების საკმაოდ ოპტიმისტურ სურათს გვიხატავს. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად, გასათვალისწინებელია ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევებიც. პირველი: ყველამ კარგად ვიცით ჩვენს რეგიონში არსებული სირთულეები. ბოლო დროს აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზეც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური შედეგები, ასევე აშშ დოლარის გლობალური გამყარება, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ის მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომელთა გამკლავებაც გვიწევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწვევებზე საუბრისას პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს წილად ხვდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისა და გლობალური ბიზნესების მხრიდან ნდობის პრივილეგია. მისივე თქმით, ამ ბიზნესებს შემოაქვთ ცოდნა და უახლესი ნოუ-ჰაუ, მაგრამ იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტული და ვუპასუხოთ მზარდ საბაზრო მოთხოვნას, უნდა გვყავდეს განათლებული, კვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა ამ პროცესის წახალისება, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ მხრივ არის დრო. მესამე გამოწვევად კი პრემიერმა ინსტიტუტების განმტკიცება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა დაასახელა.

"მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად, ჩვენს მთავრობას ქმედითი და ეფექტიანი ინსტიტუტები, უკეთესი რეგულაციები და ეფექტიანი მომსახურების მიმწოდებლები სჭირდება, რაც სარგებელს მოუტანს ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

აქედან გამომდინარე, გაგაცნობთ ეკონომიკურ განვითარებაზე ჩვენი ხედვის საკვანძო ასპექტებს. როგორ შეგვიძლია ამ პრობლემების გადაჭრა? როგორ ვაქციოთ საქართველო უკეთეს ქვეყანად? როგორ შეგვიძლია ამ პრობლემების გადაჭრა? სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პირადად პრემიერს დაექვემდებაროს. აქამდე ის ანგარიშვალდებული იყოს საბჭოს წინაშე, რომელსაც პარტნიორობის ფონდის ხელმძღვანელი თავმჯდომარეობდა", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე მოსაზრებით, ეს ცვლილება დაეხმარება სააგენტოს და უზრუნველყოფს მას უკეთესი ბერკეტებით საინვესტიციო მოლაპარაკებებში, გაზრდის მის ეფექტიანობას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის საქმეში.

პრემიერმა კიდევ ერთი გამოწვევის - ინფორმირებულობის შესახებ ისაუბრა.

"გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო. მაგრამ, როგორც პატარა ქვეყანას, გლობალური ბიზნესაუდიტორია არ გვიცნობს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია. პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა გულისხმობს ისეთ ნეგატიურ იარლიყებს, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი, ბიუროკრატია და მისი თანმდევი უსასრულო პროცედურები, და საქართველოს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი შეხვედრა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სწორედ ამიტომაც მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მტკიცედ დაგვიდგეთ მხარში, რათა მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის მიმზიდველი ადგილი. სწორედ თქვენ, როგორც უცხოელებს, გაქვთ ყველაზე ობიექტური და სანდო ინფორმაცია საქართველოზე. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შესაბამისი აზრის შექმნა თქვენს პროფესიულ წრეებში. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან: ადგილობრივი პარტნიორები, პრესა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე დიალოგი თქვენთან, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ მთავრობის პოზიციას და მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.