„დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებაზე გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ“

„დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებაზე გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საბოლოოდ უნდა შეწყდეს ბრალდებები ეროვნული ბანკის მიმართ, რადგან ეს საქართველოს რეპუტაციისთვის საზიანოა.

ქადაგიძის თქმით, განცხადებები, რომელიც ბოლო დროს კეთდება, სხვა არაფერია თუ არა უპასუხიმსგებლო მცდელობა ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი საკითხები გადაიფაროს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ თავი ავარიდოთ საკითხების პოლიტიზირებას. მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება, რომ უნდა შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე და ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ეროვნულ ბანკის მიმართ მიმდინარეობს. ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო დროს, არაფერია თუ არა უპასუხიმსგებლო მცდელობა გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი საკითხი - ეს არის ლარის კურსის გაუფასურების შედეგად მიღებული ზიანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გარშემო არსებული დებატები და ჩვენი მოსახლეობის რეალური შემოსავლები. დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებაზე გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ, ინვესტიციების, ტურიზმის ექსპორტის წახალისებასა და კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში დადებითად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. ნაცვლად ამისა, კვლავაც გრძელდება დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღდმეგ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჯერ იყო მოთხოვნა, დაგვეხარჯა ჩვენი სავალუტო რეზერვი, რომელიც რამდენიმეთვიან შედეგს მოგვცემდა და სამაგიეროდ სავალალო შედეგს გამოიღებდა, შემდგომ იყო ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია ეროვნული ბანკის  მიერ ფულის მასის ზრდით და შემდგომ უკვე იყო ბრადლებები თითქოს ადგილი აქვს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არსებულ გარკვეულ სპეკულაციებს, სხვადასხვა შეთქმულების თეორიას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, როგორც კი იწყება  პროფესიული დისკუსია, ღია თუ დახურულ ფორუმებზე, ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით სკდება და ეროვნული ბანკის ყველა კონტრარგუმენტი პასუხის გარეშე რჩება.

„ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არა ეროვნული ბანკის მიერ გარკვეული პრინციპული პოზიცია ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ზიანი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა და ქვეყნის ეკონომიკა მიიღებდა, გაცილებით მეტი იქნებოდა, რომლის გამოსოწრებასაც მრავალი წელი დასჭირდებოდა. ეს შეცდომები ჩვენ უკვე დავუშვით ერთხელ 90-იან წლებში რასაც ვეღარ დავუშებთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.