"სავალუტო ფონდთან დაკავშირებით ასეთი ტიპის განცხადებები ქვეყნის რეპუტაციისთვის საზიანოა"

ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სავალუტო ფონდთან დაკავშირებით არასერიოზულს უწოდებს.

როგორც ქადაგიძე აცხადებს, მსგავსი ტიპის განცხადებები საქართველოსთვის ძალიან საზიანოა. 

"ეს არასერიოზული განცხადებებია ისეთ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიც სავალუტო ფონდია. შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებს ყველა ჩვენი ინვესტორი, ამიტომ, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ამასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდმა უკვე გააკეთა განცხადება", - განაცხადა ქადაგიძემ

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ. ექსპრემიერის თქმით, მან ამის გამო მთავარი პროკურატურიდან განცხადება, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს უკავშირდებოდა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა.

“მათ იცოდნენ, რომ კანონი დაარღვია და ის დასაჭერია. მას არ უთქვამს რომ დასაჭერია არაა, ჩვენ ვიცით რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია, რომ გავაკეთო და პროკურატურიდან საქმე გამოვიტანე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. რაც შეეხება საერთო საქმეებს, მე განვმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს რაიმე დარღვევა, მე ხელს ვერ დავაფარებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აზიმ სადიკოვი კი აცხადებს, რომ ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს. სადიკოვის თქმით, მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხები მისიის მანდატი არაა.