ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან მიმართებაში, ბიზნესს არ ეხება

ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან მიმართებაში, ბიზნესს არ ეხება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი პერტაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება სავალუტო ფონდთან მიმართებაში, ბიზნესს არ ეხება, - ამის შესახებ პერტაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ყოფილი პრემიერის განცხადება სავალუტო ფონდთან მიმართებაში, რა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.

როგორც პერტაიამ აღნიშნა, მას სავალუტო ფონდის დღევანდელი განცხადება არ უნახავს, თუმცა აღნიშნა, რომ საერთო ჯამში ასეთ განცხადებებს ძალიან დიდი გავლენა არა აქვს იმიტომ, რომ ბიზნესმენები არიან ძალიან პრაქტიკული ხალხი.

"ჩვენ თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკაზე, ეს არის აბსოლუტურად სხვა. როცა ვლაპარაკობთ ბიზნესმენებზე, მთავარი არის ის მოგება, გადასახადები, მთავარია ის, რომ არავინ არ წაართვას ბიზნესი. დანარჩენი ეს ყველაფერი არის პოლიტიკა, რომელიც ძირითადში ბიზნესის ბუნებიდან გამომდინარე, მას არ აინტერესებს. მთავარია, მას ეს არ შეეხოს. შესაბამისად, რასაც თქვენ კითხულობთ, ეს ბიზნესს არ ეხება", - განაცხადა პერტაიამ.

რაც შეეხება კითხვას, ხშირად საუბრობენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რეგულაციები აბნევს და აზარალებს ბიზნესს, პერტაიამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება იგივე ვიზებთან და იგივე მიწებთან დაკავშირებით, როდესაც იყო გარკვეული მორატორიუმი გამოცხადებული, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს ბადებს ბიზნესმენებში, რაც მისი თქმით, აბსოლუტურად ნორმალურია.

"მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლებელია, რომ ვიზების ნაწილში მოკლე ჭრილში იყო პრობლემა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს პრობლემა დანახულია, განხილულია და მთავარია, მთავრობა ცდილობს ეს პრობლემა გამოასწოროს. ყველაზე საშიში არის ის მომენტი, როდესაც მთავრობა ცდილობს წაუყრუოს თავის შეცდომებზე და ცდილობს მოაჩვენოს, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს არ ხდება და ეს არის მთავარი", - განაცხადა პერტაიამ.