საქართველო დღეს განსხვავებული ქვეყანაა იმისგან, რაც იყო თუნდაც ორი წლის წინ

საქართველო დღეს განსხვავებული ქვეყანაა იმისგან, რაც იყო თუნდაც ორი წლის წინ

საქართველო დღეს განსხვავებული ქვეყანაა იმისგან, რაც იყო 20, 10 ან თუნდაც ორი წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში", დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის მეტად სასიხარულოა მათ წინაშე გამოსვლა.

"ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი, ასევე დაგეგმილი პროექტების შემუშავების პროცესი და მთავრობის ხედვა ქვეყანაში სტაბილურ და წარმატებულ ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით. ძვირფასო ელჩებო, თქვენთან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე მსჯელობისათვის სხვადასხვა პლატფორმა გვაქვს, მაგრამ დღეს, კერძო სექტორის, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ კონკრეტული ეკონომიკური ტენდენციები და ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის უნიკალური კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ქვეყანა. მაგრამ, პირველ რიგში, ის უნიკალურია თავისი მოქნილობისა და არსებული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების უნარის წყალობით.

"ეს განცხადება ძალაშია ეკონომიკასთან მიმართებაშიც. დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე ოცი წლის წინ. არსებული გამოწვევების მიუხედავად, ყოველდღიურად შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი და ისახება ახალი ეტაპობრივი სამიზნეები, რომლებიც უზრუნველყოფს სწორი მიმართულებით სვლას ისეთი მიზნებისკენ, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება და, საბოლოო ჯამში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საქართველო დღეს განსხვავებული ქვეყანაა იმისგან, რაც იყო 20, 10 ან თუნდაც 2 წლის წინ", - აღნიშნა პრემიერმა.