პრემიერ-მინისტრი დიპკორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი დიპკორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი პერტაიას განცხადებით, პრემიერის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ზოგადად ბიზნესკლიმატის შესახებ და ასევე იმ ცვლილებებზე, რაც საინვესტიციო სააგენტოს შეეხო.

როგორც გიორგი პერტაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ინვესტორები თავიანთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითქმის ყოველთვის ესაუბრებიან თავიანთ საელჩოებს თბილისში, ბიზნესასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და მათგან ცდილობენ მიიღონ ინფორმაცია.

"შესაბამისად, ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებს შევხვდეთ, ავუხსნათ ის ცვლილებები და რეფორმები რაც ხორციელდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ის ინფორმაცია რასაც ინვესტორებს ვაწვდით ზუსტად იყოს იგივენაირად წარმოდგენილი საელჩოების და სხვა ორგანიზაციების მიერ. დღეს იქნება ზოგადად საუბარი ბიზნესკლიმატის შესახებ, ასევე იმ ცვლილებებზე რაც შეეხო საინვესტიციო სააგენტოს", - განაცხადა პერტაიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა იცოდნენ, რომ საინვესტიციო სააგენტო გადავიდა მთავრობის დაქვემდებარებაში, ასევე მნიშვნელოვანია იცოდნენ ის ახალი ფუნქციები რაც გააჩნია ამ სააგენტოს. როგორც პერტაიამ აღნიშნა, ასევე ყველაზე საინტერესო იქნება ის, რომ დღეს საშუალება იქნება პრეზენტაციების შემდეგ დისკუსია გაიმართოს.