იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების წესების გამკაცრებაზე მომზადებული კანონპროექტი გადამუშავდა

იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების წესების გამკაცრებაზე მომზადებული კანონპროექტი გადამუშავდა

საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების წესების გამკაცრებასა და ამ მიმართულებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს , პარლამენტი პირვანდელი ვარიანტისგან გადამუშავებული სახით მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებები რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადამუშავდა.

პროექტით განსაზღვრული ძირითადი სიმკაცრე თავდაცვის მოკლელულიან იარაღს შეეხება.

კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: იმ შემთხვევაში, თუკი პირი ნასამართლევია, მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ახლაც არ შეუძლია. გამკაცრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ნასამართლეობის მოხსნის, ან გაქარწყლების შემდეგ, ე.წ. მსჯავრდების პერიოდი აითვლება, რომლის განმავლობაშიც პირისთვის იარაღის ქონაზე აკრძალვა კვლავ შენარჩუნდება. წესდება 4-წლიანი, 8-წლიანი და 12-წლიანი პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც პიროვნებას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება არ ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ჰქონდა შენიშვნა, რაც ინიციატორთან – იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერდა. კერძოდ კი, მსჯავრდებიდან გამომდინარე შეზღუდვები, რომელიც ნასამართლეობის მოხსნის, ან გაქარწყლების შემდეგ უნდა აითვალოს, სანადირო და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე არ გავრცელდება, ანუ თუკი პირს ნასამართლეობა გაუქარწყლდება ან მოეხსნება, სანადირო თუ სპორტული იარაღის შეძენას შესძლებს, მაგრამ სხვა სახის იარაღს ვერ შეიძენს.

კიდევ ერთი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ დღესდღეობით იარაღის შენახვისა და გადატანის წესები გაწერილია მინისტრის ბრძანებაში. აღნიშნული იცვლება და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გადატანის წესები "იარაღის შესახებ" კანონით დარეგულირდება.

იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. მას უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.